აზერბაიჯანი მზად არის ქვეყანაში მოპოვებული გაზის მოცულობის ნახევარი "ნაბუკოს" გაზსადენის შესავსებად გამოყოს. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოლიტიკური განყოფილების ხელმძღვანელმა ალი ჰასანოვმა განაცხადა.
"აზერბაიჯანი "ნაბუკოს" პროექტს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ჩვენ მზად ვართ აზერბაიჯანის გაზის 50 პროცენტით გაზსადენი მოვამარაგოთ", _ განაცხადა ჰასანოვმა სტამბულის ეკონომიკურ ფორუმზე.
"ჩვენი ამოცანა გაზსადენისთვის გაზის მიწოდებაა. ყველა დანარჩენი საკითხი იტალიას, გერმანიას, ბულგარეთსა დ ბრიუსელს ეხება. აზერბაიჯანმა ყველაფერი გააკეთა ამ პროექტის რეალიზაციისათვის. ახლა საქმე ევროპის სტრუქტურებზეა", _ განაცხადა ჰასანოვმა.
"ნაბუკოს" ექსპლუატაციაში გაშვება 2014 წლისთვის იგეგმება. გაზსადენი სავარაუდოდ 31 მლრდ კუბურ მეტრს გაზს გაატარებს და ევროპის ქვეყნებს რუსეთის გვერდის ავლით მოამარაგებს.
2009 წელს აზერაბიჯანში გაზის მოპოვებამ 23 მლრდ კუბური მეტრი შეადგინა. ამ დროისათვის აზერბაიჯანი გაზს საქართველოს, თურქეთს, რუსეთსა და ირანს აწვდის.