ოს სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოითი აცხადებს, რომ მისი ე. წ. მთავრობის "მინისტრები", იმის გამო, რომ "თავს ვერ ართმევენ დაკისრებულ მოვალეობას, უახლოეს მომავალში თანამდებობიდან გათავისუფლდებიან". ეს განცხადება ოს სეპარატისტთა ლიდერმა რუსულ მედიასთან საუბარში გააკეთა.
მისი თქმით, "სამხრეთ ოსეთის რიგი სამინისტროები უხარისხოდ ასრულებენ დაკისრებულ ამოცანებს".
"ყველაზე რადიკალური ზომების მიღებას ვაპირებ, იმ მინისტრებისა და სამინისტროების მიმართ, რომლებიც დღევანდელობის მოთხოვნებს არ პასუხობენ და არ ასრულებენ დაკისრებულ ამოცანებს. ამ მიმართულებით უკომპრომისო ვიქნები და ვიბრძოლებ იმისათვის, რომ მთავრობამ ეფექტურად იმუშაოს. დღესდღეობით, მთავრობის გადაყენების საკითხი არ დგას, ხოლო ცალკეული მინისტრების გადაყენების საკითხი კი უკვე აქტუალურია", _ განაცხადა კოკოითმა.
კითხვაზე, კონკრეტულად რომელი "მინისტრი" დატოვებს თანამდებობას, კოკოითი აცხადებს, რომ "ამ საკითხით საპარლამენტო ჯგუფია დაკავებული. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ეს ზოგი მინისტრის გადაყენებით დასრულდება. უკვე აქამდე მივედი და როგორც სახელმწიფოს მეთაური ამ საკითხს გადავჭრი", _ განაცხადა ოს სეპარატისტთა ლიდერმა.