ახალგორის ოკუპირებულ რაიონში მდებარე ლუდის ქარხანა "ალუტონის" (ყოფილი "ლომისი") ხელმძღვანელი რუსლან შარიპოვი ძებნილი აღმოჩნდა.
ამის შესახებ სააგენტო "რეგნუმი" რუსეთის ფედერაციის შს სამინისტროს საინფორმაციო ცენტრზე დაყრდნობით იუწყება.
მათი ინფორმაციით 1981 წელს დაბადებული რუსლან შარიპოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 158 მუხლის მეორე - ქურდობის ნაწილით არის აღძრული. საქმე 1998წელის 26 სექტემბერსაა დარეგისტრირებული.
ამასთან, როგორც ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პროკურატურაში აცხადებენ, "ალუტონი" 2009 წლის ოქტომბრიდან 2010 წლის აპრილამდე ლიცენზიის გარეშე მუშაობდა, ამ დროის განმავლობაში კი ქარხანაში 160 ტონა ლუდი ჩამოასხეს. პროდუქციის ნახევრის რეალიზაცია მოხდა, თუმცა შემოსული თანხა გატარებული არ არის. 5 500 000 რუბლიდან კი მხოლოდ 17 ათასია დარჩენილი, დანარჩენი თანხის სად არის საბუღალტრო მონაცემებში არ არის დაფიქსირებული.
აღსანიშნავია, რომ მათივე ინფორმაციით, ქარხნის გენერალური დირექტორი რუსლან შარიპოვი, წარმოების დირექტორი დიმიტრი ლაზარევი და მთავარი ბუღალტერი ანა გალკინა ამჟამად ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არ იმყოფებიან და გამოძახების მიუხედავად შესაბამის უწყებებში არ ცხადდებიან.
ქარხანა "ალუტონში" ფინანსური შემოწმება აპრილის დასაწყისში დაიწყო. ამ დროისთვის ქარხნის ქონება დაყადაღებულია.