შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის მოადგილის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, სოფელ წითელ უბანში დაკავებული მწყემსების გათავისუფლების მიზნით, მუშაობა დაწყებულია.
როგორც ჟურნალისტებს ციხელაშვილმა განუცხადა, მწყემსების გატაცების თაობაზე ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დადასტურდა.
"ჩართულია ცხელი ხაზი და ფაქტზე რეაგირება ხდება", - დასძინა ციხელაშვილმა.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნიდან საქართველოს ორი მოქალაქე გაიტაცეს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სოფელ ზარდიანთკარის სიახლოვეს დეფაქტო ცხინვალის რეჟიმი საკონტროლო-გამშვები პუნქტის გახსნას გეგმავს, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია ჯერჯერობით მხოლოდ დე-ფაქტო რეჟიმის დონეზე ვრცელდება. ადგილობრივი მოსახლეობა ე.წ. გამშვები პუნქტის გახსნის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
როგორც ისინი აცხადებენ, სოფელში რამდენიმე პუნქტი არსებობს, საიდანაც ზარდიანთკარში მცხოვრებ ეთნიკურ ოსებს ე.წ. საზღვარზე გადასვლა შეუძლიათ. ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტის გახსნის შემთხვევაში, პუნქტით სარგებლობას მხოლოდ ეთნიკური ოსები შეძლებენ.