შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს, საქართველოს საკითხზე მომხსენებლებს ბორის ცილევიჩსა და კერსტინ ლუნდგრენს შეხვდა.
უწყების ინფორმაციით, პაატა ზაქარეიშვილმა მათ მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ. მან ყურადღება გაამახვილა გალის რაიონის ქართულ სკოლებში ქართულ ენაზე სწავლების დამატებით შეზღუდვებზე.
დელეგაციის წევრები შერიგების პროცესის მიმდინარეობით დაინტერესდნენ. სახელმწიფო მინისტრმა ისაუბრა აფხაზურ და ოსურ მხარეებთან ურთიერთობების შესახებ და აღნიშნა, რომ აღდგა ორმხრივი ურთიერთობა აფხაზურ მხარესთან.
„მიმდინარე წელს აფხაზურ მხარესთან რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. რაც შეეხება სამხრეთ ოსეთს, ამ ფორმატის შეხვედრები არ მიმდინარეობს, თუმცა, რეგიონის მოსახლეობა რეგულარულად გადმოდის დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე და იღებს იმ სიკეთეებს, რომლებსაც მათ სახელმწიფო სთავაზობს. აშკარაა, რომ აფხაზური და ოსური საზოგადოებები დღეს უფრო მეტად ენდობიან ქართულ სახელმწიფოს“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ჟენევის დისკუსიების მიმდინარეობას, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის პროცესს.