ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიას რუსეთის სარკინიგზო ჯარების ყველა ქვედანაყოფი 10 ოქტომბრამდე დატოვებს. ამის შესახებ სააგენტო ТАСС- ი ოკუპირებული აფაზეთის სარკინიგზო ტრანსპორტის უწყებაზე დაყრდნობით იუწყება.
,,რუსული სარკინიგზო ჯარების გაყვანა აფხაზეთიდან ინტენსიურად მიმდინარეობს. ამ დროისთვის ტერიტორია უკვე დატოვა პირადი შემადგენლობის და 39-ე სარკინიგზო ბრიგადის სამხრეთის ოლქის ტექნიკის ნახევარზე მეტმა. დანარჩენებს გაიყვანენ რკინიგზისა და ავტომობილების საშუალებით არაუგვიანეს 9-10 ოქტომბრისა, რუსეთის მიერ გამოცხადებულ ვადამდე 2 თვით ადრე” , - იუწყება სააგენტო.
მანამდე კი რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დიმიტრი ბულგაკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის სარკინიგზო ჯარებს აფხაზეთიდან დეკემბერში გაიყვანენ. როგორც სააგენტოს წყარო აცხადებს, ჯარების დაჩქარებული გაყვანის მიზეზი მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების დროზე ადრე შესრულება გახდა.
„მთლიანობაში აფხაზეთიდან რუსეთში 500-ზე მეტ სამხედროსა და 50-ზე მეტ ერთეულ სპეცტექნიკას გაიყვანენ,“-აზუსტებს სააგენტოსთან საუბარში ТАСС-ის წყარო. მისი თქმით სარკინიგზო ჯარების დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილებას მოგვიანებით, ორმხრივ მოლაპარაკებებზე მიიღებენ.
ТАСС-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით სექტემბრის ბოლომდე მათ განახორციელეს განაღმვითი სამუშაოები და გაასუფთავეს რელსები 33 კილომეტრზე-ოჩამჩირიდან ენგურის ხიდამდე, ასევე გასუფთავდა მთელს პერიმეტრზე არსებული სამი სადგური.
სამუშაოების შესრულების დროს ნაპოვნი იქნა აფხაზეთის ომის დროინდელი ნაღმებიც, რომლებიც გაანადგურეს. სამხედროების შეფასებით რკინიგზის დიდი ნაწილი ავარიული იყო და საჭიროებდა კაპიტალურ შეკეთებას ან შეცვლას.