სასტუმრო `ქორთიარდ მარიოტში~ საერთაშორისო ვაჭრობის აკადემიის პირველი სემინარი მიმდინარეობს, რომელსაც სავაჭრო საქმიანობით დაკავებული 60-მდე კომპანიის წარმომადგენელი ესწრება.
სემინარი HSBC ბანკისა და საქართველოს ეკონომიკის განვითარების სამინისტროს ინიციატივით ტარდება.
შეხვედრა ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა და HSBC ბანკის გენერალურმა დირექტორმა გაი ლუისმა გახსნეს.
ეკონომიკური განვითარების მინისტრმა სემინარზე საქართველოში არსებულ ეკონომიკურ ვითარებასა და ვაჭრობის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
გაი ლუისის განცხადებით, HSBC ბანკს საერთაშორისო ვაჭრობის 140 წლიანი გამოცდილება აქვს. ბანკი წარმოდგენილია ყველა იმ ქვეყნაში, რომელთანაც საქართველოს სავაჭრო ურთიერთობა აქვს.
`ეს საშუალებას გვაძლევს ქართველ ბიზნსმენებს ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ და მათ საერთაშორისო ვაჭრობის შესაძლებლობები გავაცნოთ. საერთაშორისო აკადემიის მთავარი მიზანიც სწორედ ეს არის~, - განაცხადა ლუისმა.
სემინარზე საქართველოს სავაჭრო პოლიტიკას, საგარეო ვაჭრობის სტატისტიკას, ძირითადი სავაჭრო პარტნიორების და ექსპორტ-იმპორტთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.
ამასთან, საუბარი შეეხება 2009 წლის საგარეო ვაჭრობის ტენდენციებს და ექსპორტის ხელშეწყობას.
როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის ძირითადი მახასიათებლებია დაბალი საიმპორტო ტარიფები, მცირე რაოდენობის საექსპორტო და საიმპორტო ლიცენზიები და ნებართვები, იმპორტსა და ექსპორტზე არ არსებობს რაოდენობრივი შეზღუდვები, არ არსებობს საბაჟო ტარიფები ექსპორტსა და რეექსპორტზე, ამასთან, არ არსებობს დამატებითი ღირებულების გადასახადი ექსპორტზე და მოქმედებს გამარტივებული საექსპორტო და საიმპორტო პროცედურები.
საერთაშორისო ვაჭრობის აკადემია საქართველოში HSBC ბანკსა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საერთაშორისო ვაჭრობის სააგენტოს შორის რამდენიმე დღის წინ გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე ჩამოყალიბდა.
პროექტი HSBC ბანკს ეკუთვნის, იგი წარმატებით ხორციელდება უკვე დიდ ბრიტანეთში და საფრანგეთში. საქართველოში კი, საერთშორისო ვაჭრობის პროდუქტებზე, სავალუტო ბაზრებზე და ამ საკითხებთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზეა ფოკუსირებული.