დღეს გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ძველ თბილისში კულტურული ღონისძიებები გაიმართება.
როგორც ''ჯი-ეიჩ-ენს'' თბილისის მერიიდან აცნობეს, კულტურული ღონისძიებები ''მშვიდობის ხიდთან~, მეიდანზე და კალაუბანში 17:00 საათიდან დაიწყება. კერძოდ, მეიდანზე ერთ სცენაზე "ბასტი ბუბუს" კონცერტი ჩატარდება, რომლის დასრულების შემდეგ მოძრაობის თეატრის სპექტაკლი "შერეკილები 2" გაიმართება. ასევე დაგეგმილია ელექტრონული მუსიკის კონცერტი, რომელშიც DJ Jorjik, The Forest და გიო ბაქანიძე მიიღებენ მონაწილეობას.
ამასთან, მეიდანზე, მეორე სცენაზე, ევგენი მიქელაძის სახელობის ორკესტრის კონცერტი გაიმართება, რომელსაც ნიკა მემანიშვილი უდირიჟორეობს. კონცერტის დასრულების შემდეგ კი ქართული ნაციონალური ბალეტი "სუხიშვილები" ახალ "ასა" პროექტს წარმოადგენს.
დღესვე 18:00 საათზე, ''მშვიდობის ხიდთან~ შაპიტო ცირკი მოეწყობა.
კალაუბანში, მეიდნიდან ამავალი ქუჩის ბოლოს კი ანსამბლი "ქსოვრელები" კონცერტს გამართავს. ასევე მხატვრების გამოფენა და მიმოდრამის თეატრის მსახიობების მინი წარმოდგენები მოეწყობა.
მეიდნის ქვეშ მიწისქვეშა გასასვლელში კი ფოტო გამოფენა _ "თბილისის ხედები" იქნება წარმოდგენილი.