უკრაინამ შესაძლოა ვერ გაძლოს, თუ ევროკავშირი მომავალ წელს კიევისთვის ფინანსური მხარდაჭერის წყაროებს ვერ მოძებნის. ამ შემთხვევაში, ევროპას არა ფულით, არამედ სისხლით მოუწევს გადახდა.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ევროკავშირის ქვეყნების სამიტი იმართება.
მან კომენტარი გააკეთა პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებაზე, რომ ევროკავშირი არჩევანის წინაშე დგას: დღეს ფული, ან ხვალ სისხლი.
„ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრი, პირველ რიგში, ევროპის უსაფრთხოებაზე საუბრობს. და ის მართალია. თუ დღეს უკრაინას არ დაუჭერთ მხარს, თუ მას მარტო დატოვებთ, ჩვენ ისედაც ვიბრძვით, ჩვენი სამხედროები იბრძვიან და დიდი პატივისცემა მათ.
და რა თქმა უნდა, ევროპა დღეს ჩვენ იარაღით და ფინანსურად გვიჭერს მხარს. პრემიერ-მინისტრი ფიქრობს იმაზე, რომ თუ უკრაინას მხარდაჭერას არ გაუწევენ, დიდი შანსია, რომ უკრაინა ამას ვერ გაუძლებს და ევროპა ამას არა ფულით, არამედ სისხლით გადაიხდის“, - ხაზი გაუსვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტი დაეთანხმა ტუსკის მოსაზრებას, რადგან რუსეთიდან მომავალი სიგნალები ნამდვილად არ ნიშნავს მშვიდობას ევროპასთან.
„არ მინდა ვინმეს დაშინება, მაგრამ პრემიერ-მინისტრის სიტყვები გასაგებია“, - დასძინა ზელენსკიმ.