უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება უკრაინისთვის რეპარაციების სესხის გამოყოფის შესახებ გავლენას უკრაინის საკითხის მიღმაც მოახდენს.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც ევროკავშირის ქვეყნების სამიტი იმართება.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინისთვის დაფინანსების გამოყოფა გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით იურიდიულად და მორალურად გამართლებულია.
„ისევე, როგორც ნარკოდილერებისთვის ფულის კონფისკაცია და ტერორისტებისთვის იარაღის ჩამორთმევა ხდება, რუსეთის აქტივები უნდა იქნას გამოყენებული რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად და რუსული თავდასხმების შედეგად განადგურებული ტერიტორიების აღსადგენად. ეს ეთიკურია. ეს სამართლიანია. და ეს კანონიერია, რასაც მრავალი ექსპერტი ადასტურებს“, - თქვა მან.
ამავდროულად, გადაწყვეტილების მიღების უუნარობა, მისი აზრით, უარყოფით შედეგებს მოიტანს თავად ევროპისთვის.
„თუ ახლა ევროპული გადაწყვეტა არ არსებობს, მაშინ ევროპულ სოლიდარობაზე, ავტონომიასა და ევროპის გლობალური სამართლიანობის დაცვის უნარზე საუბარი აზრს კარგავს. თუ ეს ახლავე არ გაკეთდება, რუსები - და არა მხოლოდ ისინი - იგრძნობენ, რომ ევროპა შეიძლება დამარცხდეს. ევროპელებს დამარცხება ნამდვილად არ სჭირდებათ“, - განმარტა მან.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ მისთვის ცნობილია რუსეთის მიერ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დაშინების მცდელობების შესახებ.
„მაგრამ ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს ამ საფრთხეების - უნდა გვეშინოდეს, რომ ევროპა სუსტი იქნება“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.