საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ცნობილი დიზაინერი რობერტო კავალი პრეზიდენტის სასახლეში მიიღო. რობერტო კავალი საქართველოში თბილისის მოდის კვირეულზე დასასწრებად ჩამოვიდა, რომელიც დღეს გაიხსნება.
"რამდენიმე კვირის წინათ მოდის კვირეული ჩავატარეთ. მსგავს ღონისძიებას ახლაც ვატარებთ და ვიმედოვნებ, მსოფლიოს ამ ნაწილში მოდის დედაქალაქად თბილისს ვაქცევთ. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში თქვენ უამრავი თაყვანისმცემელი გყავთ. ჩვენთან ძალიან ბევრი ნიჭიერი შემოქმედი ცხოვრობს. ჩვენი ქვეყანა უძველესი კულტურული მემკვიდრეობით გამოირჩევა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა დიზაინერთან საუბრისას.
აღსანიშნავია, რომ რობერტო კავალიმ პრეზიდენტის ჩაცმულობა მოიწონა და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი რესპექტაბელურად იყო ჩაცმული.
"ჩემთვის საინტერესოა საქართველოში ყოფნა და რაღაცის კეთება ახალ სიტუაციაში. ჩემი შემოქმედება ლოს-ანჟელესში კინოს სტილში ჩავიტანე. აქ ყოფნაც ჩემთვის ახლის ძიებაა", - აღნიშნა კავალიმ.
საქართველოს პრეზიდენტმა რობერტო კავალისგან საჩუქრად დიზაინერის შექმნილი გადასაფარებელი მიიღო, რაზეც დასძინა, რომ "ძილის დრო მაინც არ მაქვს, ამიტომ მას კედელზე დავკიდებ".