აფხაზეთის დეფაქტო მთავრობის ე.წ. ჯანდაცვის მინისტრმა ანზორ გოოვმა მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში სააგენტო „აპსნიპრესისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მოსკოვის ხელოვნური განაყოფიერების ექსტრა კორპორარული განაყოფიერების კლინიკა „еко АльтраВита“ , რომელთანაც აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრომ მიმდინარე წლის 22 აპრილს ხელი მოაწერა შეთანხმებას თანამშრომლობის შესახებ, “აფხაზეთის დემოგრაფიული განვითარების“პროგრამის ნაწილი უნდა გახდეს. გოოვის თქმით, უნაყოფობის პრობლემა აფხაზეთში მეტად აქტუალურია და რუსული ბიოლოგიური მასალის გამოყენებით მოხდება აფხაზეთის დემოგრაფიული განვითარება, ანუ, აფხაზების გამრავლება რუსულ კლინიკას გადაწყვეტილი აქვს საკუთარი ბიორესურსების საფუძველზე.
პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, რომელიც ასევე ხელმძღვანელობს ქვეყანაში დემოგრაფიულ პროგრამას, ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს:
-„ის, რომ აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებამ აღიარა აფხაზეთის მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობა, ეს კარგია, მაგრამ მნიშვნელოვანია თუ როგორ შეძლებენ აფხაზეთის გენოფონდის გადარჩენას. ის, რაც სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ინტერვიუში წავიკითხეთ, შემაშფოთებელია არა მარტო ჩვენთვის, არამედ ეს შემაშფოთებელი უნდა იყოს თავად აფხაზი ხალხისთვის. ბიოლოგიური გზით ხელოვნური განაყოფიერება მეცნიერული პროგრესია და ეს უკვე ბევრ ქვეყანაში კარგად აპრობირებული მეთოდია. ეს შეთავაზება მისაღები იქნებოდა აფხაზეთში საკუთარი ბიორესურსების ბანკის შექმნის შემთხვევაში. ხოლო იმ პირობებით, რასაც რუსული კლინიკა აფხაზურ მხარეს სთავაზობს, სხვა არაფერია, თუ არა აფხაზური გენოფონდის რუსულ გენოფონდთან ასიმილაცია და არა აფხაზური გენოფონდის გადარჩენა. რუსული კლინიკის ისტორიაში გარკვევით არის მითითებული, რომ ხშირად ერთი დონორის მიერ მიწოდებული ბიომასალა რამდენიმე პაციენტზე ნაწილდება. ეს კი საფრთხის შემცველია განსაკუთრებით მცირერიცხოვანი ერისათვის, რადგან მომავალში დიდია ახლონათესაური შეჯვარების რისკი.
როგორც ჩანს, აფახაზი ხალხის წინაშე მდგარი სერიოზული პრობლემა პოლიტიკური მიზნებისთვის იქნება გამოყენებული და არა აფხაზური გენოფონდის გადასარჩენად. ხელოვნური განაყოფიერება ერთ-ერთი მცირე ნაწილია დემოგრაფიულ პროგრამაში. უმთავრესი კი ბუნებრივი შობადობის გაზრდა, აბორტების მინიმუმამდე დაყვანა და ძლიერი ნარკოპოლიტიკის გატარებაა.
პარლამენტის ტრიბუნიდან ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ შეთავაზება აფხაზი ხალხისადმი:- მათი სურვილის შემთხვევაში, მზადა ვართ ყველა ის ინიციატივა, რაც ჩვენთან წარმატებით ხორციელდება, მათთანაც განვახორციელოთ. ჩვენ ერთად უნდა შევძლოთ ქართულ-აფხაზური გენოფონდის გადარჩენა.
დღეს, რუსული მხარისგან შეთავაზებული წინადადება შესაძლოა ხვალ აფხაზეთის დემოგრაფიული ანექსიის საბაბი გახდეს“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.