იტალიის ქალაქ ბარში გამართულ Fiera del Levante-ის გამოფენასთან დაკავშირებით, აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლება ქართულ მხარეს არაპროფესიონალიზსა და ტყუილში ამხელს.
აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კან ტანია „ჯი-ეიჩ-ენისთის“ მიცემულ კომენტარში ქართველი დიპლომატების სიცრუეზე საუბრობს.
„აფხაზეთის სავაჭრო სამრეწველო პალატამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას “Fiera del Levante”-ის გამოფენის ორგანიზატორებთან, შესაბამისად იტალიის ხელისუფლების მოტყუებაზე საუბარი სიბრიყვეა. როგორ წარმოგიდგენიათ გამოფენაში მონაწილეობა ორგანიზატორებთან შეთანხმების გარეშე? გამოფენის ტეროტორიაზე მისვლისას ჩვენ დაგვხვდა ბანერი წარწერით - «Repubblica di Abcasia», რომელიც ორგანიზატორების მიერ იყო დამზადებული. ეს შეთანხმებული იყო Fiera del Levante-სთან გაფორმებული კონტრაქტით. ჩვენი მხრივ არსებულ წარწერას დავამატეთ აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ბანერი“, - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს“ კან ტანიამ.
მისვე თქმით, გამოფენაში მონაწილეობის მესამე დღეს - „ჩვენი ქართველი მეზობლების თხოვნით“, - ნამდვილად იყო მცდელობა, წარწერა “Repubblica di Abcasia” შეცვლილიყო წარწერით - "Camera di Commercio di Abcasia (Georgia), მაგრამ ეს უშედეგოდ დასრულდა.
„ჩვენ ყველა დოკუმენტები და გამოფენის ორგანიზატორებთან გაფორმებული კონტრაქტი წესრიგში გვქონდა“, - აცხადებს ტანია.
ტანიამ განმარტა, რომ ქართული მხარის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აფხაზეთის სტენდი გამოფენიდან მოხსნეს არის სიცრუე.
„ჩვენი დელეგაცია გამოფენაში მონაწილეობდა 16 სექტემბრის ჩათვლით. ჩვენი დაბრუნების შემდეგ სტენდთან, ჩვენი სახელით, იტალიის წარმომადგენლები იდგნენ“, - განაცხადა ტანიამ და დასძინა, - „ მე მესმის, ძნელია იმასთან შეგუება, რომ ვერ მოხსნეს აფხაზეთის რესპუბლიკის სტენდი, მაგრამ სიცრუე ვითარებას ამძიმებს“.
კან ტანიამ „ჯი-ეიჩ-ენს“ განუმარტა, რომ მას და თენგის თარბას შენგენის ღია ვიზები აქვთ, რაც შეეხება გამოფენის სხვა მონაწილეებს, მათზე შენგენის ვიზები რუსეთის ფედერაციაში იტალიის საკონსულომ გასცა.
შეგახსენებთ, რომ Fiera del Levante-ში აფხაზეთის მონაწილეობასთან დაკავშირებით იტალიაში საქართველოს საელჩოს უფროსმა მრჩევლმა დავით ბაზერაშვილმა განაცხადა, რომ აფხაზურმა მხარემ გამოფენაზე სტენდი 2000 ევროდ იქირავა, ისევე როგორც ამის დაქირავება შეუძლია ნებისმიერ კერძო პირს.
ბეზერაშვილმა განმარტა, რომ ქართულმა მხარემ მიმართა იტალიის ხელისუფლებას და გამოფენიდან სტენდი მოხსნეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, 14 სექტემბერს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე იტალიის ელჩს ანტონიო ენრიკო ბარტოლიმის შეხვდა. თუმცა, როგორც კან ტანია განმარტავს, სტენდი 16 სექტემბერსაც და შემდგომაც გამოფენაზე იყო.