რუსთავის საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის წლის განმავლობაში 12 მლნ ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ რუსთავში მიმდინარე მთავრობის გასვლითი სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ტყეშელაშვილმა განუცხადა.
"რუსთავში ბოლო ორი წელია ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა არც ერთი წუთით არ შეწყვეტილა. გზების რეაბილიტაცია ინტენსიურად მიმდინარეობს. 12 მლნ ლარი დაიხარჯება წელს იმისთვის, რომ საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდეს", - განაცხადა ტყეშელაშვილმა.
მისივე ვარაუდებით, ერთი წლის შემდეგ რუსთავში საგზაო ინფრასტრუქტურის პრობლემა აღარ იარსებებს.
აღსანიშნავია, რომ დავით ტყეშელაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულ დავით კირკიტაძესთან ერთად ქალაქში მიმდინარე გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები პირადად დაათვალიერა.