ასეთი ინტერესი სოფლის მეურნეობის დარგის მიმართ არცერთი ხელისუფლების დროს არ ყოფილა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, 3 წლის განმავლობაში სექტორში 1 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.
"არასდროს ყოფილა არა თუ ასეთი, ამის ნახევარი ინტერესიც კი წინა მთავრობის დროს. რომელი მთავრობა ახსოვს რომელიმე ადამიანს ჩვენს ქვეყანაში, რომელმაც დაპირებული 1 მილიარდი ლარის ინვესტიცია განახორციელა? - დღემდე ჩვენ გვაქვს 1 მილიარდ ლარამდე ჩადებული სოფლის მეურნეობის დარგში, რა თქმა უნდა, კერძო სექტორის დახმარებით. ასეთი ინტერესი ამ დარგის მიმართ არც ერთი ხელისუფლების დროს არ ყოფილა. უკვე მესამე წელია, ჩვენ წარმატებით ვახორციელებთ უფასო ხვნა-თესვის პროგრამას. მოგეხსენებათ, ასევე მესამე წელია იაფი აგროსესხების პროგრამაც წარმატებით გრძელდება. ჩვენ დავიწყეთ პროგრამა "აწარმოე საქართველოში", - აღნიშნა პრემიერმა.
რაც შეეხება ყურძნის ფასთან დაკავშირებით გლეხების ნაწილის უკმაყოფილებას, პრემიერი მათთვის არასათანადო ინფორმაციის მიწოდებას უკავშირებს. მისი თქმით, სახელმწიფოს ყურძნის სუბსიდირება 60 მილიონი უჯდება და ბოლო 3 წლის განმავლობაში ეს ციფრი არ შეცვლილა.