დღეს, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" კონფერენცია "საქართველოს საავტომობილო გზები და ტექნოლოგიური პროგრესი" იმართება.
კონფერენციის ორგანიზატორი საავტომობილო გზების დეპარტამენტია.
მშენებლობის სფეროში ამ ფორმატის კონფერენცია მეორედ ტარდება, რომელსაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი დაესწრებიან.
ღონისძიების პირველი ნაწილი საქართველოს საავტომობილო გზების განვითარების მიმდინარე და მომავალი წლების საინვესტიციო პროგრამებისა და პერსპექტივების პრეზენტაციას დაეთმობა, ხოლო მეორე ნაწილში უცხოური და ქართული საგზაო-სამშენებლო კომპანიები მათ მიერ გამოყენებულ თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიებზე პრეზენტაციებს წარმოადგენენ.
კონფერენციაზე წარმოდგენილ მნიშვნელოვან თემებს შორის განიხილება გარემოს დაცვითი საკითხები, კერძოდ: ფერდობების ეროზიისა და მეწყერსაწინააღმდეგო, ასევე, თოვლდამცავი და კლდესამაგრი ღონისძიებები.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს: მსოფლიო ბანკი, ევრაზიის სატრანსპორტო დერეფანი - ტრანსპორტის რეფორმისა და რეაბილიტაციის ცენტრი, მილენიუმი, აზიის განვითარების ბანკი, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გზებისა და ხიდების მშენებლობის, გვირაბებისა და აეროდრომების მშენებლობის კათედრები და მრავალი ქვეყნიდან მოწვეული უცხოური საგზაო-სამშენებლო კომპანიების 100-მდე დელეგატი; აგრეთვე, ქართული საგზაო-სამშენებლო კომპანიები.