დღეს სეპარატისტული აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონის რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ სოფელ ბესლახუში სარკინიგზო ლიანდაგი გადაკეტა და ზღვით, თურქეთში მისი შემდგომი ტრანსპორტირებისთვის 700 ტონა ნახშირით დატვირთული 13 ვაგონი არ გაატარა.
მოსახლეობის უკმაყოფილების მიზეზი თურქული ფირმა "ტამსაშის" მიერ მდინარე აალდზრას მორიგი ძლიერი დაბინძურება გახდა. თურქული ფირმა "ტამსაში" ტყვარჩელში ნახშირის მოპოვებით სამუშაოს უკვე რამდენიმე წელია აწარმოებს.
ადგილობრივი მოსახლეობა თურქული ფირმის ფუნქციონირების შეწყვეტას, ხელისუფლებისგან კი მომხდარზე რეაგირებას მოითხოვს.
აფხაზეთის ე. წ. სახელმწიფო ეკოლოგიის დაცვის კომიტეტში განმარტავენ, რომ მდინარის დაბინძურება გადაუღებელი წვიმების ბრალია, რომელთა შედეგადაც ნახშირის ამოღების შედეგად დარჩენილო ნარჩენები მდინარეში ჩაირეცხა.
"დღეისათვის "ტამსაშის" სამუშაო სიტუაციის საბოლოოდ გარკვევამდე შეჩერებულია", _ განაცხადა ეკოლოგიის დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან დბარმა.
თურქული ფირმა "ტამსაში" სეპარატისტულ აფხაზეთში ნახშირის მოპოვებით სამუშაოს 2002 წლიდან აწარმოებს. იგი აფხაზური მხარის ინფორმაციით, ჯერჯერობით ერთადერთია რომელიც აფხაზეთში ნახშირის მოპოვებით სამუშაოს აწარმოებს.