ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის, თომას ჰამერბერგის ინფორმაციით, ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმი მზადაა, კიდევ სამი დაკავებული ქართველი გაათავისუფლოს. ამის შესახებ ჰამერბერგმა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თემურ იაკობაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"ქართულმა მხარემ რამდენიმე დღის წინ 6 პირი გაათავისუფლა, ამის შემდეგ ჩემი ცხინვალში ყოფნის დროს სამი დაკავებულის გამოშვება მოხერხდა და კიდევ სამის გამოშვებას დაგვპირდნენ ადგილობრივები. მე ამ პროცესში ჩართული არ ვარ. მხოლოდ კონფლიქტურ რეგინებში ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგი მევალება", - განაცხადა ჰამერბერგმა.
მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ტყვეობაში კიდევ 8 ქართველი რჩება.
შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარი თომას ჰამერბერგი თბილისში 1-ელ მაისს ჩამოვიდა. 2 მაისს კი იგი ცხინვალში სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე სეპარატისტებმა ევროსაბჭოს უმაღლესი კომისრისადმი "პატივისცემის ნიშნად" 3 ქართველი გაათავისუფლეს.