დღეს, 27 აგვისტოს, 13:40 საათზე, რუსეთმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია.
„ჯი-ეიჩ-ენის“ ინფორმაციით, დაახლოებით, 13:40 საათზე, რუსეთის ფედერაციის ორი საბრძოლო ვერტმფრენი საქართველოს კონტოლირებად სივრცეში შემოფრინდა.
ვერტმფრენები შემოფრინდნენ კონფლიქტის ზონიდან. კერძოდ, კარალაეთის მიმდებარე ტერიტორიიდან, ავტობანთან დატრიალდნენ უკან და მეჯვრისხევის მიმართულებიდან დატოვეს საქართველოს ტერიტორია.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რუსული ვერტმფრენების საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოფრენის ფაქტს არ ადასტურებს. "ჩვენ არ ვადასტურებთ რუსული ვერტმფრენების მიერ საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოფრენის ფაქტს", - აღნიშნეს უწყებაში.
ამავე დროს, გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე რუსეთის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი ფაქტი და შეიძლება არც ბოლო იყოს. თუმცა კაპანაძის თქმით, საქართველოს აქვს თავისი გზა და თავისი გეგმები. მათ შორის ნატოსთან მიმართებაში, რომელსაც აუცილებლად გააგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ნატოს გენერალური მდივანი იანს სტოლტენბერგი. 2015 წლის ივლისში საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს ვიზიტის დროს, რუსეთმა ასევე დაარღია საქართველოს საჰაერო სივრცე.
ფოტო: ინტერნეტი