მარიონეტული ცხინვალის რეჟიმმა უკანონო ტყვეობაში მყოფი სამი ლამისყანელი ქართველი გაათავისუფლა.
ლევან ბიგამიშვილის, ჯამლეტ ჯამრიშვილისა და გენადი წიკლაურის გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარმა თომას ჰამერბერგმა დღეს, ცხინვალში გამართულ მოლაპარაკებებზე მიაღწია.
გათავისუფლებული ქართველები ამ წუთებში შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის შენობაში იმყოფებიან, სადაც მათ სამართალდამცველები კითხავენ.
ამ დრომდე ტყვეობაში რჩება მათთან ერთდად დაკავებული კიდევ სამი ქართველი. ჰამერბერგი მათ გათავისუფლებას ერთი კვირის ვადაში ელოდება.
"სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან პირობა მივიღეთ, რომ დარჩენ სამ ქართველს ერთი კვირის ვადაში გაათავისუფლებენ", - განაცხადა ჰამერბერგმა.
მისივე განმარტებით, მოლაპარაკებები გაგრძელდება სხვადასხვა დროს დაკავებული დანარჩენი 8 ქართველის გათავისუფლების საკითხზეც. აღსანიშნავია, რომ კომისარმა ისინი დღეს, ცხინვალში ყოფნისას ციხეში პირადად მოინახულა.
შეგახსენებთ, რომ მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლებმა, სოფელ ლამისყანიდან, საქართველოს 6 მოქალაქე ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 2009 წლის აგვისტოში დააკავეს.