დღეს რამსარის კონვენციის მუდმივმომქმედი კომიტეტის 41-ე შეხვედრა დასრულდა, რომელსაც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელი ლევან ვარშალომიძე, კონვენციის გენერალური მდივანი ანადა ტიეგა და 30 ქვეყნის 100-ზე მეტი მაღალი რანგის სტუმარი ესწრებოდა.
"დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს არის პირველი საერთაშორისო გარემოსდაცვითი ფორუმი, რომელიც საქართველოში ჩატარდა. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი შეხვედრების ჩატარება, რადგან, ერთის მხრივ ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ, მეორეს მხრივ კი როდესაც 40-მდე ქვეყნის წარმომადგენელი ჩამოდეს შენს ქვეყანაში სტუმრად, მათ მიაქვთ ბევრი ინფორმაცია საკუთარ ქვეყნებში საქართველოს შესახებ და ყველა როგორც ჩვენ ვხედავთ, არის აღფრთოვანებული, ეს ნიშნავს, რომ ხვალ და ზეგ ბევრად მეტი ტურისტი ჩამოვა", - განაცხადა გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ.
რამსარის კონვენცია „ჭარბტენიანი ტერიტორიების შესახებ" უკვე თითქმის 40 წელია გლობალური მასშტაბით ხელს უწყობს ჭარბტენიანი ტერიტორიების „გონივრული გამოყენების" იდეის რეალურ დანერგვას.
"ძალიან მოხარულები ვართ, რომ რამსარის კონვენციის მუდმივმოქმედი კომიტეტის შეხვედრა ქობულეთში, საქართველოში ჩატარდა. მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას და გარემოს დაცვის სამინისტროს შეხვედრის ასე კარგად ორგანიზებისთვის. ძალიან წარმატებული შეხვედრა იყო. ჩვენ შევძელით რეალურად მნიშვნმელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. ამის შემდეგ კი მათ განხორციელებაზე ვიზრუნებთ. კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ჩემი მადლიერება თქვენი ქვეყნის მთავრობის მიმართ და თითოეული იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც მონაწილეობა მიიღო შეხვედრის ორგანიზებაში. საქართველოს ჭარბტენიანი ტერიტორიები არის ძალიან მნიშვნელოვანი და ყველამ უნდა ვიზრუნოთ მათ დაცვაზე", - განაცხადა კონვენციის გენერალურმა მდივანმა ანადა ტიეგამ.
"საქართველოში გაქვთ სამჯერ მეტი ჭარბტენიანი ტერიტორია, რომელსაც რამსარის ტერიტორიების სახელი აქვს მინიჭებული, რაც ძალინ მნიშვნელოვანია. ჩვენ მოვინახულეთ ისპანის ტორფნარები და კოლხეთის ეროვნული პარკი და მოვიხიბლეთ. მსურს ინდონეზიაშიც ასეთი დაცული ტერიტორიები იყოს", - განაცხადა ინდონეზიის ელჩმა.
""მოხარული ვარ, რომ გარემოსდავითი ფორუმი ქობულეთში ჩატარდა. გარემოს დაცვა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აჭარის რეგიონის 20% დაცულ ტერიტორიებს უკავია, 75% ტყით არის დაფარული და როდესაც ტურიზმი გვინდა განვავითაროთ, თუ არ ვიფიქრებთ გარემოსდაცვით საკითხებზე, ძალიან გაგვიჭირდება", - განაცხადა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა ლევან ვარშალომიძემ.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირისა და აშშ-ს აქტიური მხარდაჭერით რამსარის კონვენციის აღმასრულებელმა საბჭომ გასული წლის ივლისში მიიღო გადაწყვეტილება, რომ კონვენციის მუდმივმომქმედი კომიტეტის 41-ე შეხვედრა სწორედ საქართველოში გამართულიყო. 2009 წლამდე კონვენციის წევრი ქვეყნების წარმომადგენელთა შეხვედრა ამ დრომდე შვეიცარიის, ქალაქ ჟენევაში იმართებოდა და პირველად მისი 40 წლიანი არსებობის ისტორიაში ჟენევის ნაცვლად საქართველოში, აჭარის რეგიონში გაიმართა