ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა, გალის რაიონის მოსახლეობას, ენგურსგამოღმა თხილის გადმოტანაზე, სპეციალური ბაჟის დაწესებას უპირებს.
შესაბამისი გადაწყვეტილება, აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბას მოთხოვნის საფუძველზე უნდა განხორციელდეს.
ხაჯიმბა „საქართველო-აფხაზეთის საზღვარზე“ საქონელბრუნვის აღრიცხვას ან „საზღვრის“ ჩაკეტვას მოითხოვს.
გალის ადმინისტრაციის უფროსმა თემურ ნადარაიამ უკვე წარადგინა წინადადება, რომლის მიხედვითაც, თხილის გადატანაზე უნდა დაწესდეს ბაჟი - 1 კგ. ნედლი თხილისთვის 25 რუბლი, დარჩეული 1კგ. თხილისთვის 30 რუბლი.
აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრის არტურ მიქვაბიას განაცხადებით, „მთავრობაში ამ წინადადების განხილვა მიმდინარეობს“.
„ეს წინადადება მივიღეთ, მაგრამ ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ სად და როგორ მოხდება ორგანიზება”, - განაცხადა მიქვაბიამ.
შეგახსენებთ, რომ “საქართველო-აფხაზეთის საზღვარზე საქონლის უკანონო ბრუნვის საკითხი უმოკლეს დროში უნდა გადაიჭრას”, - ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა.
ხაჯიმბამ უკმაყოფილება გამოთქვა იმ ფაქტის გამო, რომ გალის მოსახლეობას თხილის დიდი ნაწილი „საქართველოში გადააქვს და რაიონის ბიუჯეტს არანაირი სარგებელი არ აქვს“.
„პროდუქციის შემოტანა და გატანა კონტრაბანდული გზით ხორციელდება, სახელმწიფოს კი აქედან არავითარი სარგებელი არა აქვს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს მხოლოდ კანონიერ საფუძველზე. დღეს ბევრი საუბრობს, რომ ეს შეუძლებელია, რადგან ჩვენ არ გვაქვს საქართველოსთან სახელმწიფოებრივ-სამართლებლივი ურთიერთობა, მაგრამ ეს ხელს არ უშლის ზოგიერთ ჩვენ მოქალაქეს დაკავდეს კონტრაბანდით და დიდი რაოდენობით შემოიტანოს საქონელი ენგურიდან. ამასთან, ისინი ბიუჯეტში არაფერს არ იხდიან”,- განაცხადა ხაჯიმბამ.
მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ურაპატრიოტული მოსაზრებების გამოთქმა აბსოლუტურად უადგილოა.
”ჩვენ ან უნდა დავუშვათ საქონლის უკანონოდ გადატანა, ან მთლიანად ჩავკეტოთ საზღვარი“, - განაცხადა ხაჯიმბამ.
მან ასევე განმარტა, რომ სრულ პერიმეტრზე საზღვრის ჩაკეტვა ძალიან რთული იქნება და ამის გაკეთება რუსეთის დახმარებითაც შეუძლებელია.
ხაჯიმბამ საკითხის მოსაგვარებლად კონკრეტული წინადადების წარმოდგენა მოითხოვა.