“საქართველო-აფხაზეთის საზღვარზე საქონლის უკანონო ბრუნვის საკითხი უმოკლეს დროში უნდა გადაიჭრას”, - ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა.
ხაჯიმბამ უკმაყოფილება გამოთქვა იმ ფაქტის გამო, რომ გალის მოსახლეობას თხილის დიდი ნაწილი „საქართველოში გადააქვს და რაიონის ბიუჯეტს არანაირი სარგებელი არ აქვს“.
„პროდუქციის შემოტანა და გატანა კონტრაბანდული გზით ხორციელდება, სახელმწიფოს კი აქედან არავითარი სარგებელი არა აქვს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს მხოლოდ კანონიერ საფუძველზე. დღეს ბევრი საუბრობს, რომ ეს შეუძლებელია, რადგან ჩვენ არ გვაქვს საქართველოსთან სახელმწიფოებრივ-სამართლებლივი ურთიერთობა, მაგრამ ეს ხელს არ უშლის ზოგიერთ ჩვენ მოქალაქეს დაკავდეს კონტრაბანდით და დიდი რაოდენობით შემოიტანოს საქონელი ენგურიდან. ამასთან, ისინი ბიუჯეტში არაფერს არ იხდიან”,- განაცხადა ხაჯიმბამ.
მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ურაპატრიოტული მოსაზრებების გამოთქმა აბსოლუტურად უადგილოა.
”ჩვენ ან უნდა დავუშვათ საქონლის უკანონოდ გადატანა, ან მთლიანად ჩავკეტოთ საზღვარი“, - განაცხადა ხაჯიმბამ.
მან ასევე განმარტა, რომ სრულ პერიმეტრზე საზღვრის ჩაკეტვა ძალიან რთული იქნება და ამის გაკეთება რუსეთის დახმარებითაც შეუძლებელია.
ხაჯიმბამ საკითხის მოსაგვარებლად კონკრეტული წინადადების წარმოდგენა მოითხოვა.