დღეს, 2 მაისს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი თომას ჰამარბერგი სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში ჩავა. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ე.წ. ადამიანის უფლებათა დამცველი დავიდ სანაკოევი აცხადებს, რომ ჰამარბერგის ვიზიტის დროს ცხინვალში "კიდევ ერთხელ განხილული იქნება 2008 წლის სამხედრო მოქმედებების დროს ისე ომისშემდგომ პერიოდში საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენელთა მიერ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების გატაცების ფაქტები".
"თომას ჰამარბერგი იმ ინფორმაციას მივაწვდით, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია სამხრეთ ოსეთის გატაცებული მოქალაქეების შესახებ", _ აცხადებს სანაკოევი.
შეგახსენებთ, რომ ოსი სეპარატისტები ქართულ მხარეს თავიანთი შვიდი ე.წ. მოქალაქის გატაცებაში ადანაშაულებენ. მათივე თქმით, გატაცებულთაგან ერთი არასრულწლოვანია. სეპარატისტები ასევე აცხადებენ, რომ ქართული მხარე "მათ მიერ გატაცებულ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს უგზო-უკვლოდ დაკარგულებს უწოდებს".
მასალის გამოყენების პირობები