აფხაზეთში, უძრავის ქონების უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიყიდვის პროცესი კანონის გვერდის ავლით მიმდინარეობს, სახელმწიფო ამ გარიგებებიდან სარგებელს არ იღებს და მიზაშეწონილია ამ პროცესის დაკანონება. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა.
მისი თქმით, რესპუბლიკაში მწვავედ დგას საცხოვრებელი ბინების დეფიციტის საკითხი.
„ეს ხდება ის პირობებში, როდესაც ომის შემდგომ წლებში, ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქე რუსეთის მოქალქეებზე ყიდის ბინებს, სახლებს და მიწის ნაკვეთებსაც კი. მიწა ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით არ იყიდება“, - განაცხადა ხაჯიმბამ.
მისივე თქმით, ადამიანები დებენ გარიგებებს, შოულობენ ფულს და ამავე დროს საუბრობენ ამ პროცესის „ლეგალიზების საშიშროებაზე“.
„უცხოელებზე საცხოვრებელი ფართების მიყიდვა ხდება მთელს მსოფლიოში და ისინი, ვინც აპროტესტებენ ასეთ ქმედებებს, ხშირ შემთხვევაში თავად არიან ამ გარიგებებით დაკავებულნი“, - განაცხადა ხაჯიმბამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამ პროცესის ლეგალიზება შესაძლებელს გახდის უძრავი ქონების გაყიდვაზე სახელმწიფო კონტროლის დაწესებას.
„ამ პროცესიდან მიღებულ თანხებს, ჩვენ ჩავდებთ ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობაში. ამავე დროს არიან ინვესტორები, რომლებიც მზად არიან ჩვენთან მრავლბინიანი საცხოვრებელი სახლები ააშენონ“, - განაცხადა აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ოჩამჩირის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ხრიპს ჯოპუამ განაცხადა, რომ 580 სახლი და ბინა, რომელიც გამოყოფილი იყო სხვადასხვა ქვეყნებიდან რეპატრიანტებისთვის, მათ ადგილობრივ მოსახლეობას მიყიდეს.
„საცხოვრებელი ფართები უნდა გაიყიდოს კანონის საფუძველზე, მაგრამ თუ ვაშენებთ და ადამიანებს ვაძლევთ სახელმწიფო ბინებს - ეს უნდა მოხდეს გაყიდვის უფლების გარეშე“, - განაცხადა ჯოპუამ.
შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე აფხაზეთში ადგილობრივი კანონდებლობით უცხო ქვეყნის მოქლაქეებზე საცხოვრებელი ფართებისა და მიწის ნაკვეთების მიყიდვა იკრძალება. ამ სახის გარიგებებს უკანონოდ მიიჩნევს საქართველოს კანონმდებლობაც.