საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს მთავარ პროკურორს გიორგი ბადაშვილს პოლიციის თანამშრომლების მიერ ბრალდებულ ვ.ბ-ს მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტების დაუყოვნებლივ გამოძიების დაწყების წინადადებით მიმართა.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, შს სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებული ბრალდებული ვ.ბ. საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულმა 2015 წლის 4 ივლისს მოინახულა.
"ვ.ბ.-ს განცხადებით, იგი 3 აგვისტოს, თბილისში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში დააკავეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ისანი-სამგორის რაიონის მთავარ სამმართველოში წაიყვანეს, სადაც სამმართველოს უფროსის მოადგილემ და ერთ-ერთი პოლიციის განყოფილების უფროსმა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ვ.ბ.-ს თქმით, შემდეგ იგი გადაიყვანეს ვარკეთილის პოლიციის განყოფილებაში, სადაც ერთ-ერთმა თანამშრომელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ლიკვიდაციით, ასევე, ცოლის და დის გაუპატიურებით ემუქრებოდა. შემდეგ სხვა პოლიციელებთან ერთად მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. მონახულებისას ვ.ბ.-ს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებოდა. ამასთან, დაზიანებების შესახებ მითითებულია შსს დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავებულის გარეგნული დათვალიერების ოქმში, სადაც ბრალდებული აღნიშნავს, რომ დაზიანება მიიღო დაკავებისას", - აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ არასათანადო მოპყრობის საჩივრის/შეტყობინების მიღებისთანავე, გამოძიება უნდა დაიწყოს დაუყოვნებლივ, ხოლო მსჯავრდებულთა სხეულებზე არსებული დაზიანებების ხარისხის, ხასიათის, ხანდაზმულობის, წარმოშობისა და განვითარების მექანიზმის დასადგენად, აუცილებელია მოხდეს დროული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნა და ჩატარება.