საბანკო სექტორში განთავსებული მთლიანი დეპოზიტების მოცულობამ, მიმდინარე წლის 1 აპრილის მდგომარეობით, 3.6 მლრდ ლარს გადააჭარბა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი 1.8 პროცენტით ანუ 62.2 მლნ ლარით აღემატება მიმდინარე წლის 1 მარტისთვის არსებულ მაჩვენებელს.
მარტში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა სამეწარმეო და შინამეურნეობების სექტორების როგორც მიმდინარე ანგარიშების, ისე ვადიანი დეპოზიტების ზრდას, შესაბამისად, 8.6 მლნ ლარით ანუ 0.7 პროცენტით და 57.6 მლნ ლარით 2.6 პროცენტით.
დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 1 აპრილისთვის 28.7 პროცენტი შეადგინა. ეს 1.5 პროცენტული პუნქტით მეტია 1 მარტის მდგომარეობასთან შედარებით. დეპოზიტებზე საშუალო წლიური შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 9 პროცენტს შეადგენს, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 10.7 პროცენტს, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 8.8 პროცენტს.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილი 76.5 პროცენტს, ხოლო ევროს წილი 22.3 პროცენტს შეადგენს.