კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა, მიმდინარე წლის 1 აპრილის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, 1.4 პროცენტით გაიზარდა და 5.3 მლრდ ლარს გადააჭარბა.
როგორც `ჯი-ეიჩ-ენს~ ეროვნული ბანკიდან აცნობეს, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 6.3 პროცენტით, ანუ 75.8 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 0.1 პროცენტით, შესაბამისად, 3.3 მლნ ლარით შემცირდა.
რეზიდენტი იურიდიული პირებისთვის მარტის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 591.1 მლნ ლარის, ხოლო უცხოური ვალუტით - 2.5 მლრდ ლარის მოცულობის სესხი.
იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი - 47.1 პროცენტი ვაჭრობის სფეროზე მოდის. წინა თვესთან შედარებით ვაჭრობის სფეროზე გაცემული სესხების მოცულობა 3 პროცენტით ანუ 42.1 მლნ ლარით გაიზარდა და 1.4 მლრდ ლარს გადააჭარბა.
მრეწველობაზე გაცემული სესხების წილი იურიდიულ პირებზე გაცემული ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში 22.1 პროცენტს შეადგენს, რაც 1 აპრილისთვის 677.4 მლნ ლარია. 11.7 პროცენტი მოდის მშენებლობაზე, რაც 359 მლნ ლარია. ამდენად, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 81.0 პროცენტი მხოლოდ სამ დარგზე - მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე ნაწილდება.
2010 წლის მარტის განმავლობაში, 0.4 პროცენტით ანუ 7.3 მლნ ლარით გაიზარდა ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და 1 აპრილისთვის 2 მლრდ ლარს გადააჭარბა.