თუ სასამართლოს მომდევნო სხდომამდე ირაკლი ფირცხალავას მატროსოვის ციხეში არ დააბრუნებენ, ის უარს აცხადებს სასამართლო სხდომებზე გამოცხადებაზე და ასევე, უარს ამბობს ადვოკატის მომსახურებაზე, - ამის შესახებ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულმა პოლიციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა თავად განაცხადა.
დღევანდელ პროცესზე ირაკლი ფირცხალავამ სასამართლოს სთხოვა, უშუამდგომლოს სასჯელაღსრულების სამინისტროსთან, რათა ის კვლავ ე.წ. მატროსოვის ციხეში დააბრუნონ, რადგან გლდანის მე-8 დაწესებულებაში პატიმრები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ.
„წინა სასამართლოზე, აქედანაც რომ გავედი, წამიყვანეს გლდანის ციხეში. შემიყვანეს პატარა ოთახში. როცა ციხემ დაიძინა, ღამით 2 საათზე საკანში გამიყვანეს. მომიტანეს ნივთები. მეორე დღეს ადვოკატი იყო შემოსული, იძულებული გახდნენ, რომ გამოვეყვანე ეზოში. პატიმრის კორპუსი უნდა გამევლო, ატყდა ერთი ამბავი. დაახლოებით, 1000-მდე კაცმა „მომიკითხა“ ოჯახის წევრები, ყველა კეთილის მსურველი, მე ხმა არ გამიცია, იმიტომ რომ ვიცი, რა შედეგები მოყვებოდა ამას. უკან რომ დავბრუნებულიყავი, მითხრეს, კეპი დაიხურეო. უკან გზაზეც იგივე მოხდა. წუხელ კი ღამის 4 საათზე გამაღვიძეს, სასამართლოში უნდა წავიდეთო. საათი გეშლებათ-თქო, ვუთხარი. ჩაალაგე ნივთები, არ გვეშლებაო. ისევ იმ ავადსახსენებელ ოთახში ველოდებოდი ბადრაგს. მიუხედავად იმისა, რომ ეს 2 დღე არ მიჭამია, არ მძინებია, მაინც მოვედი. მინდა გთხოვოთ თქვენ, ჩაერთოთ ამ სიტუაციაში. სადაც უნდათ იქ ჩამსვან, მე პრობლემა არ მაქვს. იმისთვის არ ვემსახურე 18 წელი საქართველოს, რომ ყველა გასვლა-გამოსვლაზე შეურაცხყოფა მომაყენონ“, - განაცხადა ირაკლი ფირცხალავამ და დასძინა, რომ იგი არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს.
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის თქმით, პატიმრის განთავსების საკითხს წყვეტს პენიტენციური სისტემა. სასამართლო ამ პროცესში არ ერევა, მაგრამ როგორც მოსამართლემ აღნიშნა, ის საჭიროდ თვლის, მიმართოს სასჯელაღსრულების სამინისტროს, რომ ვალდებულია, ყველა ბრალდებულის უსაფრთხოება დაიცვას.
შეგახსენებთ, ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ძალოვანი უწყების ყოფილი მაღალჩინოსნები ირაკლი ფირცხალავა, კახა ნაკანი, ლევან ბეროძე, გიორგი ცააძე და გრიგოლ კვინიკაძე არიან ბრალდებულები.
პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმე ერთად განიხილება, დანარჩენი 7 რიგითი სპეცრაზმელის საქმე კი - ცალკე.