დღეს, 30 აპრილს, სეპარატისტულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ე. წ. სახელმწიფო საზღვრის ერთობლივი დაცვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წელი სრულდება. ამ თარიღთან დაკავშირებით, აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა სოხუმში პრესკონფერენცია გამართა, რომელზედაც სპეციალურად ამ თარიღისათვის სოხუმში ჩასული რუსი ჟურნალისტებისთვის განაცხადა, რომ აფხაზეთის ე. წ. ხელისულფლება სწორად მოიქცა, როდესაც რუსი მესაზღვრეები აფხაზეთში დაპატიჟა.
"რუსი მესაზღვრეები არა მხოლოდ აფხაზეთის არამედ რუსეთის საზღვარსაც იცავენ. ჩვენ ისინი აქ დავპატიჟეთ იმისათვის, რომ ამ მშვიდობა და სტაბილურობა დამყარდეს. საქმე მხოლოდ აფხაზეთს არ ეხება _ საქმე ეხება იმას, თუ როგორ განვითარდება სიტუაცია სრულიად კავკასიაში", _ განაცხადა ბაღაფშმა და დასძინა, რომ აფხაზეთმა თავისი არჩევანი რუსეთის სასარგებლოდ უკვე გააკეთა.