აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა აფხაზეთის ე. წ. შს სამინისტროს რუსული სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილების გაჩერება აუკრძალა, თუკი ისინი საგზაო წესებს არ არღვევენ.
"ვუბრძანე შს სამინისტროს და გავაფრთხილე სახელმწიფო ავტოინსპექციის ყველა თანამშრომელი, არ გააჩერონ რუსული სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილები. როგორც კი გავიგებ, რომ ვინმემ ავტომობილი მხოლოდ იმიტომ გააჩერა, რომ მას რუსული სანომრე ნიშნები ჰქონდა, იგი იმ დღესვე დაკარგავს სამსახურს", _ განაცხადა ბაღაფშმა დღეს სოხუმში რუსი ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე, რომლებიც აფხაზეთში რუსეთსა და აფხაზეთს შორის ე. წ. სახელმწიფო საზღვრის ერთობლივი დაცვის ხელშეკრულების" ერთი წლის ვადის აღსანიშნავად ჩავიდნენ.
ბაღაფშის თქმით, "ადამიანები აფხაზეთში დასასვენებლად ჩამოდიან და აქ ფულს ტოვებენ, რომელიც მერე საბიუჯეტო სფეროს თანამშრომელთა ხელფასებში მიდის, იმავე შს სამინისტროს თანამშრომელთა ხელფასებში. უკულტურობის დემონსტრირება კი არ უნდა მოვახდინოთ, არამედ უნდა დავეხმაროთ ადამიანებს, თუკი მათ ეს სჭირდებათ".