აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში აცხადებს, რომ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური მზადაა, თავის რიგებში აფხაზეთის ე. წ. მოქალაქეები მიიღოს. მისი თქმით, აფხაზეთის მოქალაქეებს, სიურვილის შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ძალებში მსახური შეეძლებათ. აღნიშნული განცხადება აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა დღეს სოხუმში რუსი ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ჟურნალისტები აფხაზეთში რუსეთსა და აფხაზეთს შორის ე. წ. სახელმწიფო საზღვრის ერთობლივი დაცვის ხელშეკრულების" ერთი წლის ვადის აღსანიშნავად ჩავიდნენ.
"ის, რომ აფხაზეთში რუსი მესაზღვრეები იმყოფებიან, ჩვენთვის კარგი სკოლაა და ჩვენ უნდა ვისწავლოთ. რუსეთი სასაზღვრო ინფრასტრუქტურის განვითარებაში დიდ თანხას დებს და უძვირფასეს გამოცდილებას გვიზიარებს. ჩვენი ბიჭების გაწვევა კი ამ სტრუქტურებში მიღებული გამოცდილების შემდგომში გამოყენების საშუალების მომცემი იქნება", _ განაცხადა ბაღაფშმა.
ხვალ, 30 აპრილს, ერთი წელი ხდება მას შემდეგ, რაც სეპარატისტულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ე. წ. სახელმწიფო საზღვრის ერთობლივი დაცვის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს.