ქობულეთში რამსარის კონვენციის მუდმივმომქმედი კომიტეტის 41-ე შეხვედრა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გოგა ხაჩიძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელმა ლევან ვარშალომიძემ და კონვენციის გენერალურმა მდივანმა ანადა ტიეგამ ოფიციალურად გახსნეს. საერთაშორისო გარემოსდაცვითი ფორუმი სასტუმრო "ჯორჯიან პალასში" იმართება.
"მოხარული ვარ, რომ დღეს საქართველო მასპინძლობს ჭარბტენიანი ტერიტორიების შესახებ კონვენციის მუდმივმოქმედი კომიტეტის შეხვედრას. მინდა გისურვოთ წარმატებული მუშაობა", - განაცხადა შეხვედრაზე ხაჩიძემ.
"მოხარული ვარ, რომ აჭარა ასეთი დიდი მასშტაბის გარემოსდაცვით ფორუმს მასპინძლობს. ჩვენი რეგიონი არის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ბიომრავალფეროვნების მხრივ. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჭარბტენიანი ტერიტორიების ზუსტი იდენტიფიკაცია და მათი სწორი გამოყენება მოხდეს. დაცულ ტერიტორიებს ძალიან დიდი როლი აქვს აჭარაში. მივესალმებით მსგავსი ფორუმების აჭარაში ჩატარებას. ვიმედოვნებ, მომავალშიც ეწვევით საქართველოს", - განაცხადა ვარშალომიძემ.
რუსული მხარის წინააღმდეგობის მიუხედავად, ევროკავშირისა და აშშ-ის აქტიური მხარდაჭერით, რამსარის კონვენციის აღმასრულებელმა საბჭომ გასული წლის ივლისში მიიღო გადაწყვეტილება, კონვენციის მუდმივმომქმედი კომიტეტის 41-ე შეხვედრა სწორედ საქართველოში გამართულიყო. აჭარა პირველი რეგიონია, რომელიც ორგანიზაციის 40-წლიანი არსებობის ისტორიაში მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გარემოსდაცვით ფორუმს უმასპინძლებს. 2009 წლამდე კონვენციის წევრი ქვეყნების წარმომადგენელთა შეხვედრა ამ დრომდე შვეიცარიაში, ქალაქ ჟენევაში იმართებოდა.
ქობულეთს 30 ქვეყნის 100-ზე მეტი მაღალი რანგის სტუმარი ეწვევია. ვარშალომიძის განცხადებით, მათი ვიზიტი და ამ დონის ფორუმის აჭარაში გამართვა ხელს შეუწყობს რეგიონში ტურიზმის განვითარებას.
რამსარის კონვენციის მუდმივმოქმედი კომიტეტის 41-ე შეხვედრა 2 მაისს დასრულდება.