შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი შალვა ენუქიძე და დეპარტამენტის წარმომადგენლები ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგგარეშე შეხვედრას დაესწრნენ.
უწყების ცნობით, ქართულმა მხარემ შეხვედრაზე ე.წ. ბანერებითა და რკინის ღობეებით გამოწეული პრობლემები დააყენა. ასევე ხაზი გაესვა აღნიშნულ მონაკვეთზე შეიარაღებული პირების გამოჩენას. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება მოწადინებულია, რომ ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე შენარჩუნებული იყოს უსაფრთხოება. ამ მიზნით, შეხვედრაზე დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ რეგიონში უსაფრთხოების შენარჩუნების თვალსაზრისით, მიზანშეწონილი იქნება, შეიარაღებულმა პირებმა გადაადგილებისგან შეიკავონ თავი. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა იმ საკითხს, რომ იზღუდება ადგილობრივი მოქალაქეების გადაადგილება. აღნიშნული ბანერების აღმართვა არის ხელისშემშლელი და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.
შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკრი დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ადგილობრივი მოსახლებისთვის მოსავლის ყოველგვარი პრობლემების გარეშე აღების საკითხი დააყენეს. დროშის გადმოცემასთან დაკავშირებით, დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ რამდენიმე დღეში ცხელი ხაზის საშუალებით ქართულ მხარეს დაუკავშირდებიან და დროშას გადასცემენ.
რაც შეეხება უკანონოდ დაკავებულ კნოლევის მკვიდრს, იგი გათავისუფოლებული იქნება და დაუბრუნდება თავის საცხოვრებელს.