საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელი ხოხ გაგლოითი აცხადებს, რომ პროვოკაციები ბოლო დღეების განმავლობაში, თბილისის მხრიდან იმართებოდა და ის პროვოცირებული იყო ქართველი პოლიციელების მიერ.
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის სპეციალური შეხვედრის შემდეგ გაგლოითიმ განაცხადა, რომ მსგავსი პროვოკაციის განმეორების შემთხვევაში, იქნება შესაბამისი რეაგირება.
"ჩვენ შევახსენეთ მონაწილე მხარეებს იმ ტენდენციის შესახებ, რომელიც ჩვენს შეშფოთებას თებერვლიდან იწვევს. საუბარია მიზანმიმართულ სროლაზე სასაზღვრე ნიშნების მიმართ. ეს ტენდენცია გადაიზარდა სწორედ იმ პროვოკაციაში, რომელსაც ათი დღეა ვაკვირდებით. ცხადია, ეს მიუღებელი, შეურაცხმყოფელი და შეუწყნარებელი ფაქტია სამხრეთ ოსეთისთვის. მსგავსი პროვოკაციის განმეორების შემთხვევაში, რასაკვირველია, იქნება შესაბამისი რეაგირება", -განაცხადა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები 10 ივლისს გადმოსწიეს. საოკუპაციო ხაზს მიღმა მოექცა ბაქო-სუფსის მილსადენის დაახლოებით 1600-მეტრიანი მონაკვეთი და ადგილობრივი მოსახლეობის მიწები.