ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის სპეციალურ შეხვედრაზე, რომელიც ცოტა ხნის წინ დასრულდა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამი დღის წინ სოფელ კნოლევიდან გატაცებულ საქართველოს მოქალაქეს დღეს საღამოს ან ხვალ შუადღემდე გათავისუფლებენ.
მოლაპარაკება შედგა ასევე სოფლების ხურვალეთისა და წითელუბნის მონაკვეთებზე ადგილობრივების მიერ მოსახლეობის მოსავლის აღების საკითხზე. როგორც ცხინვალის მხარე აცხადებს, ადგილობრივებს ამის საშუალება მიეცემათ.
მესამე საკითხის შესახებ კი ქართულმა მხარემ მკაცრად დააყენა საკითხი ე.წ. საზღვართან ნიღბიანი და შეიარაღებული პირების გადაადგილების შესახებ.
„ორივე მხარე შევთანხმდით იმაზე, რომ აუცილებელია დიალოგის სახით პრობლემების მოგვარება, როგორც ერგნეთის, ასევე ჟენევის ფორმატში, ყველანაირად უნდა შევეცადოთ, რომ დიალოგის რეჟიმში გადავიყვანოთ აღნიშნული საკითხი და თავიდან ავიცილოთ შეიარაღებული დაპირისპირება,“ - განაცხადა შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა შალვა ენუქიძემ.
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის განცხადებით, კი პროვოკაციები იმართებოდა თბილისის მხრიდან.