ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ყოფნის დროს, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი საოკუპაციო ხაზთან შექმნილ ვითარებას კიდევ ერთხელ გამოხმაურა და აღნიშნა, რომ რაც ხდება ტრაგიზმია.
„ტრაგიზმია, რაც ვითარდება ჩვენს პირობით, ხელოვნურად დადგმულ, ხელოვნურად გავლებულ ადმინისტრაციულ საზღვრებზე ბოლო 7 წლის განმავლობაში. ეს ყველას თანაბარი წუხილის საგანია. თუმცა, მთავარი ამოცანა, ალბათ მაინც იმაშია, რომ ამ პროვოცირების მსხვერპლი არ გავხადოთ ქვეყანა, პროვოკაციების, რომელსაც რუსული სახელმწიფო მუდმივად ეწევა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ”, _განაცხადა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, მთავრობა არ დაუშვებს საქართველო კონფლიქტში ჩაითრიონ.
,,ყოველდღიურად ცდიან ჩვენს მოთმინებას და ცდილობენ გამოგვიწვიონ, კონფლიქტში ჩაგვითრიონ, რასაც გარწმუნებთ, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არ დაუშვებს არავითარ შემთხვევაში“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
შეგახსენებთ, რომ გორის რაიონის სოფელ ორჭოსანსა და წითელუბანში შეზღუდვები გაგრძელდება. სამართალდამცველები სოფელში მხოლოდ ადგილობრივებს ისიც სპეციალური შემოწმების შემდეგ უშავებენ. შსს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი შალვა ენუქიძე ,,ჯი-ეიჩ-ენთან” საუბარში აცხადებს, რომ აღნიშნული შეზღუდვების მიზეზი მოსალოდნელი პროვოკაცია და საფრთხეა.