ოკუპირებულ ცხინვალში ქართველი ჟურნალისტების წინააღმდეგ საქმე აღძრეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ოსური სააგენტო რესი ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ საქმე ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვრის დარღვევის და ე.წ სახელმწიფო სიმბოლოების ვანდალიზმის ფაქტზე აღიძრა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ოპერატიულ-საგამოძიებო ჯგუფის მუშაობის შედეგად დადგინდა, რომ საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის შეურაცხყოფა და დემონტაჟი ქართველმა მომიტინგეებმა 14 ივლისს განახორციელეს.
მათივე თქმით, ე.წ. ოპერატიულმა-საგამოძიებო ჯგუფმა ბანერი საირიგაციო არხიდან ამიღო და თავის ადგილას დააბრუნა.
ასევე მოხსნეს საქართველოს დროშა, რომელიც საერთაშორისო ცერემონიალის ტრადიციის მიხედვით ქართულ მხარეს 20 ივლისს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრაზე გადაეცემა.