საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან კიასტუტის იანკაუსკასთან, ასევე საქართველოს ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კორპორაციის და „ბრითიშ პეტროლიუმ“-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრის მთავარი თემა 10 ივლისს რუსული საჯარისო დანაყოფის მიერ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების დამონტაჟება იყო, რომლის შედეგადაც ბაქო-თბილისი-სუფსის მილსადენის გარკვეული მონაკვეთი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.
ქვეყნის პირველმა პირმა ღრმა შეშფოთება გამოხატა საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულ უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით.
„საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის და, ბუნებრივია, ჩემთვის, მიუღებელია სუვერენულ ქართულ მიწაზე გამყოფი ზოლის ყოველი ახალი მეტრი. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ასეთი გამყოფი ხაზი გადის სტრატეგიული ობიექტების მახლობლად.
მაგრამ, მინდა ყველას შევახსენო, რომ ურთულეს ვითრებაში, საქართველოს ყველა ხელისუფლება ახერხებდა, პარტნიორებთან ახლო კოორდინაციის გზით, დაეძლია ეს სირთულეები და ასე იქნება მომავალშიც. ჩვენი ქვეყნის ფუნქცია, როგორც სატრანზიტო ქვეყნის, რომელსაც ჩვენ ასე ეფექტიანად ვავითარებთ, არ დაკნინდება, არამედ მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა ადგილზე შექმნილი ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნეს.
„განვიხილეთ რამდენიმე დღის წინ მიღებული ინფორმაცია, სოფელ ორჭოსანსა და წითელუბანის მიმდებარედ ახალი ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების განთავსებასთან დაკავშირებით. ჩვენ გავემგზავრეთ ადგილზე, რათა შეგვესწავლა იქ არსებული ვითარება და მოგვეპოვებინა ზუსტი ინფორმაცია. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პირდაპირი დანიშნულებაა, რომ დააკვირდეს და შეაგროვოს ადგილზე არსებული ზუსტი მონაცემები და აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულია ორი ახალი ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერი - ერთი სოფელ ორჭოსანში სამხრეთით, სადაც ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერი მოიხსნა, გაქრა აპრილში და ახალი ბანერი სოფელ წითელუბანთან სამხრეთით. ამჯერად ამ ნიშნებმა გადმოიწია მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ ობიექტებთან კიდევ უფრო ახლოს. ჩვენი მხარის თანმიმდევრული პოზიციაა, რომ მავთულხლართების, ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების დამონტაჟება, დაბრკოლებას უქმნის თავისუფალ გადაადგილებას და აუარესებს ადგილობრივი მოსახლეობის ნორმალურ არსებობას. ჩვენ საკითხის განხილვისათვის გვაქვს ისეთი საშუალებები, როგორიცაა ცხელი ხაზი, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმები (IPRM), ჟენევის მოლაპარაკებები, სადაც მიმდინარე წლის დასაწყისში უკვე იყო საუბარი ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების მიერ გამოწვეული ზიანის, მავთულხლართებისა და ღობეების გავლების შესახებ. ვიმედოვნებ, რომ ეს მექანიზმები გამოყენებული იქნება და ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ ამ პროცესს დაძაბულობის განმუხტვისათვის. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია განაგრძობს აღნიშნული ტერიტორიის მონიტორინგს და ჩვენ ვრჩებით ადგილზე. მიღებული ინფორმაცია ყოველთვის გადაეცემათ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ბრიუსელში, რომლებიც მიწოდებულ მონაცემებს შესაბამისად გადაწყვეტილებათა მიღებისათვის იყენებენ “,- განაცხადა კიასტუტის იანკაუსკასმა.
შეხვედრას უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.