პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის ხელმძღვანელის გია ვოლსკის შეფასებით, გორის რაიონში საოკუპაციო ხაზის გადმოწევა ქართულ-რუსული ურთიერთობების თემას სცილდება და ენერგოდერეფნების კონტროლის გეგმის ნაწილია.
დეპუტატმა პარლამენტის დღევანდელი ბიუროს სხდომაზე ასევე განაცხადა, რომ ეს გეგმა რუსეთს ჩამოწერილი ჰქონდა 2006 წელს, ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში, რომელიც 2020 წლამდეა დამტკიცებული.
,,აქ უკვე აშკარად იგრძნობა, რომ ჩართულია ის მილსადენი, რომელიც ალტერნატიულს წარმოადგენს. ენერგორესურსების ტრანსპორტირებაზე ის მექანიზმი მყარდება, რაზეც საქართველოს ხელისუფლებას ამერიკის შერთებული შტატები და ევროკავშირი ჯერ კიდევ 2006 წელს და 2007 წელს აფრთხილებდა. სამხედრო ბაზებით ჩრდილოკავკასიის ზურგის გაძლიერებასთან ერთად, რუსეთი არღვევს ყველა ხელშეკრულებას და უკვე აშკარად გამოხატავს თავის მისწრაფებას იმ სტრატეგიული გეგმის განსახორციელებლად, რაც ენერგოდერეფნების კონტროლს შეეხება. ეს ყველაფერი რუსეთს ჩამოწერილი ჰქონდა 2006 წელს, ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში, რომელიც 2020 წლამდეა დამტკიცებული. ასე რომ, ჩვენ სწორედ ამ კუთხით უნდა ვიფიქროთ და საერთაშორისო თანამეგობრობაც უნდა დადგეს იმ პოზიციაზე, რომ რუსეთი ამ თავისი ოკუპაციით უპირისპირდება არა მარტო ქართულ, არამედ საერთაშორისო ინტერესებს", - განაცხადა ვოლსკიმ.
მისი თქმით, კონსულტაციები ჰქონდა შსს-სთან, პრემიერის საგანგებო წარმომადგენელთან, შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან და ტერიტირიული მთლიანობის აღდგენის დრობითი კომისია მიმდინარე თვის ბოლოს გაერთიანებული სხდომის ჩატარებას გეგმავს.