„ნაციონალური მოძრაობა“ რუსეთის მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევასთან დაკავშირებით, პარლამენტში რეზოლუციის მიღებას ითხოვს, - ამის შესახებ განცხადება, პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, პარლამენტმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობის შესახებ დღის წესრიგში რეზოლუციის პროექტი უნდა შეიტანოს.
„საშუალება გვექნება ის შესაძლო და აუცილებელი ღონისძიებები განვიხილოთ, რომელიც გასატარებელია საერთაშორისო დონეზე. მთავრობასთან ერთად საშუალება მოგვეცემა, განვიხილოთ, რა დამატებითი ბერკეტები და საშუალებები გააჩნია ქვეყანას იმისათვის, რომ ეს პროცესები მომავალში მაინც შევაჩეროთ, ასეთი ფაქტის წინაშე პარტიზანულად არ აღმოვჩნდეთ და ერთ დღეს ჩვენი მოსახლეობა ოკუპირებულ ტერიტორიების მიღმა არ აღმოჩნდება. ამ პრობლემასთან დაკავშირებით, პარლამენტის დამოკიდებულებაც უნდა გამჟღავნდეს“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.
გორის რაიონის სოფელ წითელუბნისა და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, 10 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, ე.წ. ,,საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერები უკანონოდ აღიმართა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა ასევე „ბაქო-სუფსას“ მილსადენის გარკვეული სეგმენტი.