სეპარატისტულ აფხაზეთში, ქალაქ ოჩამჩირეში რუსული სასაზღვრო კატარღების რაოდენობა უახლოეს მომავალში ორჯერ გაიზრდება. ინფორმაცია ამის შესახებ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის აფხაზეთის სასაზღვრო სამმართველო ავრცელებს.
რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" აფხაზეთის სანაპიროს დაცვის სამმართველოს უფროსი ალექსანდრე ტუდაკოვი აცხადებს, რომ ამჟამად დივიზიონის შემადგენლობაში ოთხი სასაზღვრო კატარღებია _ "სობოლები" და "მანგუსტები".
"უახლოეს მომავალში კატარღების რაოდენობა რვამდე გაიზრდება", _ აცხადებს ტუდაკოვი და დასძენს, რომ რაოდენობის ზრდიდან გამომდინარე დარღვევებზე რეაგირების დროც ორჯერ შემცირდება.
მისივე თქმით, კატარღების რაოდენობის ზრდა ასევე ხელს შეუწყობს პატრულირების ზონის გაფართოებას.
აღსანიშნავია, რომ კონკრეტული თარიღი, თუ როდის იქნება აფხაზეთში შეყვანილი ახალი სასაზღვრო კატარღები ჯერ ჯერობით არ სახელდება.