საქართველოსა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე მდგარი რუსეთის საოკუპაციო ჯარების ე. წ. მესაზღვრების ნაწილის "გალის" მეთაური ვლადისლავ ვასინი აცხადებს, რომ საზღვარზე რუსი მესაზღვრეების ჩადგომას საქართველოს მხრიდან პროვოკაციები არ მოჰყოლია.
თუმცა, მისი თქმით, ოკუპანტები "საქართველოს სპეცსამსახურების მხრიდან "ყურადღებას" მაინც გრძნობენ".
"გარკვეულწილად მოპირდაპირე მხრიდან მიმდინარეობს დაზვერვა, ეს არის მცდელობა, როგორმე "გახსნან" აღნიშნულ მონაკვეთზე სახელმწიფო საზღვრის დაცვის სისტემა. თუმცა აშკარად გამოკვეთილი კონფლიქტური სიტუაცია არ შეგვინიშნავს, არც დივერსიული სადაზვერვო ჯგუფები დაგვიკავებია", _ აცხადებს ვასინი.
მისი თქმით, რუს მესაზღვრეებს კარგი მომზადება აქვთ გავლილი და ისინი ნებისმიერ მომენტში მოვლენათა ნებისმიერი განვითარებისთვის მზად არიან.
"თუკი რუსი მოსაზღვრეების გამოჩენამდე გალის რაიონში სხვადასხვა დივერსიული აქტი ხდებოდა, ამჟამად ასეთი დივერსიული ფაქტების რაოდენობა თითქმის ნულამდეა დაყვანილი", _ აცხადებს ვასინი.