სეპარატისტულ აფხაზეთში რუსეთის საანგარიშო პალატის თავმჯდომარე სერგეი სტეპაშინი იმყოფება. სტეპაშინი აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს სერგეი ბაღაფშს შეხვდა. აღნიშნული შეხვედრაზე სტეპაშინმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში აფხაზეთში რუსეთის მიერ დახმარების სახის გამოყოფილი თანხა დაიწყებს ჩასვლას.
"უკვე დავავალე აუდიტორებს, გაერკვიათ მიზეზი, რის გამოც აფხაზეთისთვის გამოყოფილი თანხის გადარიცხვა გაჭიანურდა. მიმდინარე წელს რუსეთი, შეთანხმების მიხედვით, აფხაზეთს სერიოზული საინვესტიციო ფინანსურ-ეკონომიკური პროექტებისათვის 3 მილიარდ რუბლს გადაურიცხავს. ეს გამოცდილება უკვე გვაქვს სამხრეთ ოსეთშიც. იქაც გამოვავლინეთ ასეთი შეყოვნებები", _ განაცხადა სტეპაშინმა.
მისი აზრით, აუცილებელია სოხუმის სამხედრო გზისა და რკინიგზის აღდგენა.
აფხაზური მხარის ინფორმაციით, სტეპაშინი მიიჩნევს, რომ მიმდინარე წლის საკურორტო სეზონზე აფხაზეთში ბევრი რუსი ტურისტი ჩამოვა.
"შესაძლოა, ეკონომიკური კრიზისის შედეგებმა და ევროპაში ფასების მატებამ გამოიწვიოს ის, რომ წელს აფხაზეთში ორ მილიონამდე რუსი ტურისტი ჩამოვიდეს", _ განაცხადა სტეპაშინმა ბაღაფშთან შეხვედრაზე.
სტეპაშინმა ასევე განაცხადა, რომ მისი უწყება აპირებს გადახედოს, თუ როგორ ხდება აფხაზეთის მთელი საბიუჯეტო პოლიტიკის რეალიზება.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორი თვის შემდეგ აფხაზეთის პარლამენტმა მიიღოს კანონი, რომლის მიხედვითაც აქ საანგარიშო პალატა შეიქმნება", _ განაცხადა სტეპაშინმა.