ფეროშენადნობები მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო სასაქონლო ჯგუფია.
სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, ფეროშენადნობების წილზე საანგარიშო პერიოდში, მთლიანი ექსპორტის 17 პროცენტი მოდიოდა და 57 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში, მსუბუქი ავტომობილების ექსპორტმა 38 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ექსპორტის 11 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე მყოფი დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული ოქროს სასაქონლო ჯგუფის ექსპორტი 2 მლნ აშშ დოლარით შემცირდა და 23 მლნ აშშ დოლარზე დაფიქსირდა.
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი მიმდინარე წლის იანვარ-მარტში ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო 119 მლნ აშშ დოლარით, რომლის წილმა იმპორტში 12 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 67 მლნ აშშ დოლარით, რაც იმპორტის 7 პროცენტი იყო. წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, 13 მლნ აშშ დოლარით შემცირდა ნავთობის აირებისა და აირისებრი ნახშირწყალბადების ჯგუფის იმპორტი და 49 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.