ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ დეპუტატ დავით ლორთქიფანიძეს ფეხბურთის ფედერაციის საქმეებში ჩარევა დააბრალა. კამათი საფეხბურთო თემაზე „რეაქციის“ ეთერში მოხდა. შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ლორთქიფანიძემ სუპერთასის ბილეთების გარშემო შექმნილ პრობლემაზე საპარლამენტო სხდომაზე ისაუბრა და შესაძლო საბოტაჟზე გააკეთა აქცენტი.
„თქვენ ხართ ხალხის რჩეული. პრტენზიები, ჩემის აზრით, ჩვენ, ამომრჩევლებს, უნდა გვქონდეს თქვენს მიმართ, ვიდრე თქვენ უხეშად და საჯაროდ ერეოდეთ ამ ორგანიზაციის საქმეებში, როგორც თქვენ ამას აკეთებთ“, - განაცხადა რევაზ არველაძემ.
ამ შენიშვნას პარლამენტარის პასუხი მოჰყვა.
„მე არანაირად ფედერაციის შიდა საქმეებში არ ვერევი. მე ვარ ჩვეულებრივი მოქალაქე, მათ შორის ვარ პარლამენტის წევრი, და მაქვს უფლება ვიცოდე ქართულ ფეხბურთში რა ხდება“, - აღნიშნა დავით ლორთქიფანიძემ.