ხვალ, 29 აპრილს, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, აზერბაიჯანის ეკონომიკური განვითარების მინისტრი შაჰინ მუსტაფაევი ეწვევა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს~ ეკონომიკურის განვითარების სამინისტროდან აცნობეს, დელეგაციის შემადგენლობაში 23 აზერბაიჯანული კომპანიის წარმომადგენელი, ასევე აზერბაიჯანის ექსპორტისა და ინვესტიციების ხელშეწყობის სააგენტოს ხელმძღვანელი და სხვა ოფიციალური პირები შედიან.
ვიზიტის ფარგლებში, ხვალვე, სასტუმრო "რედისონში" საქართველო-აზერბაიჯანის ბიზნეს ფორუმი გაიმართება, რომელსაც საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი და შაჰინ მუსტაფაევი გახსნიან. ფორუმი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსა და აზერბაიჯანის ექსპორტისა და ინვესტიციების ხელშეწყობის სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით ტარდება.
აზერბაიჯანულ დელეგაციას ხვალ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაურიც მიიღებს. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, პოლოლიკაშვილი და მუსტაფაევი საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის საქონლისა და მომსახურების ბაზრებზე დაშვების ორმხრივი მოლაპარაკებების დასრულების თაობაზე ორმხრივ ოქმს მოაწერენ ხელს.
ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანული დელეგაცია დმანისსა და მარნეულს ეწვევა, სადაც შიდა ქართლის გუბერნატორს დავით კირკიტაძე შეხვდებიან. გუბერნატორთან შეხვედრის შემდეგ, საქართველო-აზერბაიჯანის ბიზნეს-ფორუმი მარნეულშიც გაიმართება.
დელეგაცია საქართველოდან 30 აპრილს გაემგზავრება.