~თეთრი ნაკადის~ გაზსადენის პროექტის კონსორციუმი ბაქოს მახლობლად მდებარე სანგაჩალის ტერმინალიდან სუფსის პორტამდე ახალი გაზსადენის მშნებლობის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ აზერბაიჯანული სააგენტო ~ტრენდი~ იუწყება.
~ახლა კონცენტრირება ხდება სანგაჩალიდან სუფსამდე გაზსადენზე, რომელიც უკვე არსებული სამხრეთკავკასიური მილსადენის პარალელურად გავა~, - განუცხადა "ტრენდს~ ბრიტანული კომპანია White Stream Pipeline Company -ის თავმჯდომარემ რობერტო პირანიმ.
~თეთრი ნაკადის~ პროექტის რეალიზაცია რამდენიმე სტადიისგან შედგება, პირველი შავ ზღვაზე, საქართველოდან რუმინეთამდე წყალქვეშა მილსადენის მშენებლობას ითვალისწინებს.
"თეთრი ნაკადი" აზერბაიჯანული გაზის მილსადენებით ტრანსპორტირებაზეა გათვლილი. იგი საქართველოდან სუფსის ტერმინალის მეშვეობით აზერბაიჯანული გაზის რუმინულ პორტ "კონსტანცამდე" ტრანსპორტირებას გულისხმობს. აზერბაიჯანული გაზის სუფსამდე მისაწოდებლად კი საჭიროა სანგაჩალის ტერმინალიდან სუფამდე გაზსადენის მშენებლობა.
~თეთრი ნაკადის~ სიმძლავრე საწყის ეტაპზე წელიწადში 8 მლრდ კუბურ მეტრს შეადგენს, მოგვიანებით იგი 16 მლრდ-მდე, შემდეგ კი 32 მლრდ-მდე გაიზრდება.
"თეთრი ნაკადის" გაზსადენის პროექტი ~სამხრეთის კორიდორის" პროექტში შედის. ~სამხრეთის კორიდორში" აგრეთვე შედიან "ნაბუკო"-ს, ITGI (გაზსადენი თურქეთი-საბერძნეთი-იტალია) ~ტრანსადრიატიკული გაზსადენის" პროექტები. ~სამხრეთის კორიდორი~ ევროკაშირისთვის პრიორიტეტულ ენერგეტიკულ პროექტად ითვლება, რომელიც მარშრუტების და ენერგომომწოდებლების დივერსიფიცირებას გამოიწვევს, ასევე ევროპის ქვეყნების ენერგოუსაფრთხოებას გაზრდის.