ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმი ქართულ მხარეს ახალგორის რაიონში მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების დაცხრილვაში ადანაშაულებს. ამის შესახებ სააგენტო "რესი" ე. წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურზე და რუს მესაზღვრეებზე დაყრდნობით იუწყება.
მათი ინფორმაციით, დღეს, 12:15 საათზე, ქართველმა სამხედროებმა ე. წ. სამხრეთ ოსეთის საზღვარი "ლენდ დროვერის" მარკის ავტომობილით გადალახეს და ახალგორის რაიონში ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები დაცხრილეს. ამის შემდეგ კი ავტომობილი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნდა.
სეპარატისტების ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ე. წ. ოპერატიული ჯგუფი მუშაობს, რომელიც ინციდენტის დეტალებს იკვლევს.