ბევრი დონორი ელოდება მომავალში სტიქიის ზიანის მინიმალიზების ანალიზის შედეგებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დავით ლეჟავამ სტიქიასთან დაკავშირებით საქართველოსთვის საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ფინანსური დახმარების თაობაზე დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
მისი თქმით, გრანტებზე გადაწყვეტილებას დონორები უფრო ძნელად იღებენ.
,,არის რამდენიმე დონორისგან კონკრეტული შემოთავაზება, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ელოდებიან, რომ გაკეთდეს სრული ანალიზი, თუ რა საჭიროებები გაჩნდა, როგორც მოკლევადიანი პრობლემების მოგვარებისთვის, ასევე გრძელვადიანად, რათა მომავალში ასეთი შემთხვევები აღარ განმეორდეს. სტიქიისგან არავინ არის დაზღვეული, მაგრამ შესაძლებელია, რომ მინიმიზირებული იყოს ზარალი, მსგავს შემთხვევებზე რომ სწრაფი რეაგირება მოხდეს. ასეთ კვლევას ატარებს მსოფლიო ბანკი, გაერო, მას შეუერთდა USAID და ორ-სამ კვირაში იქნება კვლევის შედეგები, პასუხები. კონკრეტულ პასუხებს რაც შეეხება, ეს არის ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 3 მლნ ევროს გრანტი, რაც სახლების მშენებლობას მოხმარდება. არის ტექნიკური დახმარებები და არის საუბარი და შემოთავაზება, რომ სესხებით დაფინანსდეს გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტები", - აღნიშნა ლეჟავამ.